ატენის სიონი

ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლი წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით — ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან. გუმათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა — ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია მსახურთათვის. საკურთხეველში სამი სარკმელოა, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში — თითო, რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში — ორი, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის ოთახებში კი თითო. საკურთხევლისა დადასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა. 1968-1975 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები (ხელმძღვანელი არქიტ. ლ. ხიმშიაშვილი), გუმბათის სახურავი (ხელმძღვანელები არქიტ. რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე). 1983 წ. კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით (ხელმძღვ. რ. გვერდწითელი), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღვანელი გ. ჭეიშვილი, კ. ბაკურაძე).

Комментариев нет:

Отправить комментарий